რატომ ვარ ამერიკაში? ამჯერად ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი ვაშაძე აშშ-ში „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონისა“ და ჰარვარდის ბიზნეს ქსელის წრეებთან შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანსაც მისი თქმით, საქართველოში ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.
ვაშაძე ასევე მძლავრი ეკონომიკური ჯგუფის შექმნას აანონსებს, რომელიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაზრდაზე იმუშავებს.
„ამჯერად ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, არამედ საინვესტიციო წრეებსა და ძალიან წარმატებულ ქართველ თანამემამულეებს ვხვდები. ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კერძო სექტორში არიან, საინვესტიციო ბანკებში მუშაობენ ან წამყვან საფინანსო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და თვითონ წარმატებული ბიზნესმენები არიან, ახალგაზრდა თაობის ქართველებზე ვსაუბრობ. მეორე მხრივ, შეხვედრები მაქვს „გუგლის, „ეფლის”, „ამაზონის” წრეებთან, ჰარვარდის ბიზნესკოლის ქსელთან, რათა საინვესტიციო პოტენციალი მაქსიმალურად გავზარდოთ, როცა გავიმარჯვებთ არჩევნებში ხალხთან ერთად, ეს ყოველივე სწრაფად უნდა იყოს რეალიზებული. დიახ, ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები, ქვეყანაში დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები, ჩვენ შეგვიძლია უმძიმეს დემოგრაფიულ კატასტროფას ვუშველოთ. შეგვიძლია, რომ პროფესიონალი ახალგაზრდები ჩავრთოთ ქვეყნის მართვის პროცესში. „გამარჯვების კოალიციის“ მიზანი სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი მოვიდეს ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ვიმყოფები ამერიკაში”, – განაცხადა ვაშაძემ.