საქართველოს ფინანსთან მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებზე სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა აღკვეთეს.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღეებიდანვე, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას.
„სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1 770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.