ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა Sestry-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ "გადამწყვეტ ტერიტორიას" და ვინც ყირიმს აკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არ მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ ეს მაინც უკვე მოძველებული აზროვნებაა. მე ვგულისხმობ, რომ უპირველესად მნიშვნელოვანია ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარისთვის“, - განაცხადა ჰოჯესმა.
ამისათვის, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღი, რომელსაც შეუძლია ყველა სამიზნეს მოხვდეს.
"ყველა რუსულ ხომალდს, ყველა რუსულ თვითმფრინავს, ყველა შტაბს, ყველა რაკეტის გამშვებს, ყველა საჰაერო ძალების ბაზას. შესაბამისად, ეს ყირიმს რუსეთისთვის გამოუსადეგარს გახდის", - ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო ოფიცერმა.
ამასთან, ჰოჯესის თქმით, ნახევარკუნძულის დეოკუპაციის კიდევ ერთი შესაძლებლობა ყირიმის იზოლაციაა - ანუ ორი მარშრუტის დაკეტვა, რომლითაც შესაძლებელია იქ მოხვედრა.
„პირველი, ეს არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე - ე. წ. სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის გადაკეტვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღით“, - განაცხადა ჰოჯესმა.