მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) დაიწყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარჩელის განხილვა, სადაც ეს უკანასკნელი ისრაელს პალესტინელთა მიმართ გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს.
სასამართლოზე ისრაელის წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები და ასევე მოთხოვნა ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეჩერების შესახებ.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული მრჩევლის, ტალ ბეკერის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის შეჩერება ისრაელს დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენებს.
ამავდროულად, ჰააგაში მდებარე სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას, ბეკერმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო ქმედება ღაზას სექტორში იყო თავდაცვითი აქტი ჰამასის და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
"სამხრეთ აფრიკა მოვლენებს უხეშად ამახინჯებს. თუ ადგილი ჰქონდა გენოციდს, ის ჩადენილი იყო ისრაელის წინააღმდეგ“, - თქვა ბეკერმა.
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში 2023 წლის ბოლოს შეიტანა.
სამხრეთ აფრიკა მოითხოვს, დროებითი რეზოლუციის მიღებას, რომლის თანახმადაც სასამართლო ისრაელის ხელისუფლებას დაავალებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ღაზას სექტორში. ამასთან, სამხრეთ აფრიკა სარჩელში მიუთითებს, რომ ისრაელი ღაზაში წარმოებული ომით გენოციდს ახორციელებს პალესტინელთა წინააღმდეგ.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ჰამასმა განხორციელდა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.
ტერორისტებმა განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა ისრაელზე და, მის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, მოახდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე მასიური ხოცვა-ჟლეტა ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში. ჰამასის თავდასხმას 1200-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 250-მდე კი მძევლად აიყვანეს.
ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა. ქვეყნის არმია მასიურ დარტყმებს ახორციელებს ამ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე, რომელიც ჰამასის მმართველობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, სექტორში მიმდინარეობს ისრაელის არმიის სახმელეთო სამხედრო ოპერაცია.
ჰამასის მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზას სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 59 ათასზე მეტი დაშავდა. დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ მონაცემების დადასტურება შეუძლებელია.