ხმაური იყო მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან. ადგილზე მოქალაქეები და ცხოველთა უფლებების დამცველები იყვნენ შეკრებილი.
მოქალაქეები ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდნენ.
როგორც პირველი არხი იუწყება, მარნეულის პოლიციის უფროსმა გიორგი ნავროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ნავროზაშვილის თქმით, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ცხოველი დაიღუპა.
„ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია და მოწმეთა გამოკითხვებით ასეა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დეკემბრის თვეში მოხდა ფაქტი“, – განაცხადა ნავროზაშვილმა.
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია.