სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ძალების იერიშის შედეგად.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
„დღეს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოთხ რეგიონს რაკეტებით შეუტიეს. ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები“, - აცხადებს კლიკმენკო.
ქალაქ ზაპოროჟიეში მაშველები და პოლიციელები 6 ლოკაციაზე მუშაობენ - რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ უბნებს. წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაშავდა.
დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნოვომოსკოვსკიში აფეთქების ტალღამ სამარშრუტო ტაქსი გადააბრუნა, ასევე იერიშის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ექიმებს დახმარებისთვის 20-მა ადამიანმა მიმართა.
კრივოი როგის რაიონში საჰაერო დარტყმის შედეგად დაინგრა კერძო სახლი, დაიღუპა ერთი ადამიანი. ასევე განადგურებულია კიდევ ერთი კერძო სახლი, რომლის ქვეშაც ადამიანები არიან მოყოლილი. ასევე დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, წინასწარი მონაცემებით, ხარკოვის წინააღმდეგ სულ მცირე ოთხი დარტყმა განახორციელეს, დაზიანებულია სასწავლო დაწესებულება. დაშავდა ერთი ადამიანი.
ოკუპანტებმა ასევე შეუტიეს ქალაქ ზმიევს - დანგრეულია კერძო სახლი. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, ნანგრევებში კიდევ ერთ პირს ეძებენ.
რამდენიმე აფეთქება მოხდა ხმელნიცკის ოლქში. კლიმენკოს თქმით, ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ. ცნობები დაშავებულების შესახებ დგინდება.