უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს არ აინტერესებს ადამიანების სიცოცხლე, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვნია ფული. ამიტომ გაყინული აქტივების დაკარგვა რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული ზარალი იქნება.
„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რათა ვაიძულოთ ტერორისტული სახელმწიფო ფასი გადაიხადოს თავისი ტერორისთვის. რუსეთის ელიტას და ხელმძღვანელობას არ აინტერესებს ადამიანების სიცოცხლე, მაგრამ მათთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ფული. აქტივების დაკარგვა მათთვის ყველაზე მტკივნეული ზარალი იქნება. ისინი იგრძნობენ საერთაშორისო თანამეგობრობის ნამდვილ ძალას და დაინახავენ, რომ სამყარო ტერორზე ძლიერია“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში (Twitter).
მისი თქმით, გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ უკრაინის მხარდასაჭერად იქნება სამართლიანი და სამართლებრივი პასუხი რუსეთის ქმედებებზე. მისივე თქმით, ეს ასევე იქნება სიგნალი მსოფლიოს ყველა პოტენციური აგრესორისთვის, რომ სხვა სახელმწიფოზე თავდასხმა არ მოიტანს დივიდენდებს და აიძულებს მათ ამისთვის ფასი გადაიხადონ.
„მოვუწოდებ პარტნიორებს, სწრაფად დაიწყონ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. წელს ჩვენ უნდა მივაღწიოთ ხელშესახებ პროგრესს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხში. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ მტკიცედ ვეყრდნობით „შვიდეულის“ ლიდერებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.