გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. ცვლილების შედეგად, კირქვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი აქამდე არსებული 14 თეთრის ნაცვლად, 28 თეთრით განისაზღვრება. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საკითხი კომიტეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით. მისივე თქმით, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორების მზარდი ტენდენციებიდან გამომდინარე აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა.