ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, ამ მხრივ ბაზარზე არსებული დადებითი დინამიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს ასევე გააცნეს ბაზრის განვითარებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების სამომავლო გეგმები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბაზრის განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესის ჭრილში, შეხვედრაზე ხაზი გაესვა კორპორაციული (საწარმოთა) ობლიგაციების ბაზრის ზრდის დადებით დინამიკას. კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საქართველოში საჯაროდ შეთავაზებული კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად 1.8 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნული ბაზარი წლიურად საშუალოდ 40 პროცენტით იზრდებოდა, მხოლოდ მიმდინარე წელს კი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ წელს პირველად კორპორაციული ობლიგაციების სეგმენტზე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ლარის ობლიგაციების საჯარო შეთავაზება მოხდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ბაზრის განვითარების დადებით ტენდენციაზე და ინვესტორთა ინტერესის ზრდაზე ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური პროდუქტების მიმართ.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მსგავსი შეხვედრები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან მომავალშიც გაგრძელდება.