გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.
„მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გუნდს მხარდაჭერისთვის და იმ პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც უკვე ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა საქართველოში, მათ შორის საფრთხეების რუკების შექმნის კუთხით. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია განვავითაროთ შესაძლებლობები ეროვნულ დონეზე იმისთვის, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა ღონისძიება იყოს ეფექტიანი. ასევე, დიდ მადლობას ვუხდი შვეიცარიის სახელმწიფოს, რადგან ჩვენს სპეციალისტებს მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო ვიზიტებში შვეიცარიაში, გაცნობოდნენ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე ემსჯელათ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
„ჩვენ გავაგრძელებთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერასა და გაძლიერებას. აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ექსპერტებს სასწავლო ვიზიტებისთვის, საინტერესო პროგრამების და შეხვედრების ორგანიზებისთვის. მივესალმები ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და მოხარული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა შვეიცარიის საელჩოს რეგიონული თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ბარბარა ბიონიმ.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში შვეიცარიაში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტების შედეგები შეაჯამეს. სასწავლო ვიზიტების მიზანს ბუნებრივი საფრთხეების მართვისა და ადრეული შეტყობინებების სისტემების სფეროში ცოდნისა და შვეიცარიაში არსებული პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. ხაზი გაესვა მონიტორინგის სისტემების, ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რეგულაციებისა და სტანდარტების, ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესების მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში შვეიცარიული პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები შვეიცარიაში, სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვის საუკეთესო პრაქტიკას, მათ შორის, მეწყრის, ღვარცოფის და თოვლის ზვავის თანამედროვე მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემებს გაეცნენ. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის ხელშეწყობით გაიმართა.