ვხედავთ, რომ ოლიგარქიული ჯგუფები არიან ჩართული ბრძოლაში, შავი ფული, უცხოური გავლენები ტრიალებს და ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რადგან ქვეყანაში არის პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც სრულად არის მართული ქვეყნის გარედან, მათ შორის, ფული მოდის ქვეყნის გარედან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი არის მავნე გავლენა ოლიგარქიული მმართველობისა ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, ეს გავლენა შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში. ამ პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქვს მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა და არანაირი შინაარსობრივი მნიშვნელობა. აქ არ არის დავა ღირებულებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე მოძალადე პარტიად დარჩება, როგორიც იყო, ასევე რჩება ისეთივე კორუმპირებულ პარტიად, ისევე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედად რჩება, როგორიც იყო. აქამდე „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოეყო ვითომ, ახლა ისევ შეუერთდნენ. გამოეყო „ლელო“, „გირჩი“, „დროა“, ეს არის ფარსი, ღირებულებით ისინი არიან ერთნი. „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – ეს არის ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც არის ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი, ქართველი ხალხი ამას ეტყვის კიდევ ერთხელ უარს არჩევნებზე და მიუჩენს თავის ადგილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.