გამოცემა The Economic Times ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის, ეილონ ლევზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზის სექტორში 137 მძევალი რჩება. 7 ოქტომბერს ისრაელიდან გატაცებული მძევლებიდან სახლში მხოლოდ 110 დაბრუნდა.
ლევიმ თქვა, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება 115 კაცი, 20 ქალი და ორი ბავშვი. მძევლებს შორის ათი 75 წლის ან მეტი ასაკისაა. მათი უმეტესობა - 126 ადამიანი, ისრაელელია, 11 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის რვა ტაილანდელი.
ლევის განცხადებით, მძევლებს შორის ყველაზე უმცროსი 10 თვის კფირ ბიბასია, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტებმა 4 წლის ძმასთან არიელთან და დედასთან, შირისთან ერთდ გაიტაცეს.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთის „ალ-ქასამის ბრიგადის“ წარმომადგენლებმა 28 ნოემბერს განაცხადეს, რომ 10 თვის ბიჭი კფირი, მისი ძმა და დედა, ისრაელის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, სწავლობენ „ჰამასის“ განცხადების ნამდვილობას.
შეგახსენებთ, დღეს, დილიდან, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების დასრულების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ზავის პირობები დაარღვია, როდესაც უარი თქვა მძევლების გათავისუფლებაზე.