თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის „ქართული ოცნება“ და ამისთვის ვამზადებთ როგორც საკანონმდებლო ბაზას, ისე უზრუნველვყოფთ კონკურენტუნარიან წინასაარჩევნო გარემოსაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედი Live“-ში განაცხადა.
„საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ [პარლამენტის საშემოდგომო] სესიის ბოლომდე კონკრეტულ ცვლილებებს მივიღებთ, რომელიც მოთხოვნილი იყო ევროკავშირის მხრიდან. რაც შეეხება ზოგადად სამართლიან არჩევნებს, სუბიექტურად ვართ დაინტერესებულები იმით, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს კარგად და სამართლიანად. ჩვენ გვაქვს ნდობა ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის „ქართული ოცნება“ და ამისთვის ვამზადებთ როგორც საკანონმდებლო ბაზას, ისე უზრუნველვყოფთ კონკურენტუნარიან წინასაარჩევნო გარემოსაც“, - აღნიშნა სამხარაძემ.