უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე მცირდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტებმა მიიღეს.
როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და ქვეყნის ეკონომიკას ახალ საკრედიტო რესურსს მიაწვდის.
ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა გრაფიკი, რომელშიც ბანკებს კონტრციკლური ბუფერი 1%-იან დონეზე უნდა შეევსოთ. მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა, რომ ერთწლიან პერიოდში ბანკებს ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ, თუმცა, ახალი გრაფიკით, სარეზერვო მოთხოვნის 1%-მდე შევსების ვადა 2027 წლის 15 მარტისთვის უნდა მოხდეს. ამ ნაბიჯებს მარეგულირებელი იმით ხსნის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საპასუხოდ მიიღეს, რამაც ევროსა და დოლარის ფინანსური რესურსის მოზიდვა გააძვირა.
„გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის – 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის – 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის – 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის – 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდურობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს და, შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.
როგორც ანგარიშში წერია, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს.
„2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდურობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც. 2023 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება, თუმცა, წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი შედარებით შემცირებულია, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებისა და მდგრადი საკრედიტო აქტივობის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე საუბარია დოლარიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
როგორც ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, დოლარიზაციის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული რისკები ქართული ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ რისკები შესამცირებლად მარეგულირებელი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.
„ეროვნული ბანკი დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს. დოლარიზაციის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული რისკები ქართული ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რისკების შერბილების მიზნით, სებ-ი გეგმაზომიერ ნაბიჯებს დგამს. გასულ კომიტეტზე არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300,000 ლარამდე გაიზარდა. იმისთვის, რომ სტრუქტურული რისკების შემცირება მომავალშიც შეუქცევადად გაგრძელდეს, სებ-ი, ბანკებთან შეთანხმებით, ლიმიტს ეტაპობრივად გაზრდის არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით“, – ნათქვამია კომიტეტების გადაწყვეტილებაში.