„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. კერძოდ: 1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. „თანხმობის საბჭო“ (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოს და თავმჯდომარის უფლებამოსილებები. 2. „თანხმობის საბჭო“ დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით. 3. უახლოეს პერიოდში მოწვეულიქნას პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება „საბჭოს“ დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
28 ნოემბერს, პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადებები კიდევ რამდენიმე რაიონის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა გაავრცელეს.
პირველად, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ენმ-ს წევრმა, გიორგი მუმლაძემ მოუწოდა და თქვა, რომ 2024 წელს პოლიტსაბჭომ უნდა წარმართოს პარტიის საქმიანობა.
ამის შემდეგ, ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისკენ ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციამაც მოუწოდა. მოთხოვნას მალევე ხობისა და ჭიათურის საკრებულოებში ენმ-ს ფრაქციებიც შეუერთდნენ. მოგვიანებით კი, ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს ქუთაისის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის 7 წევრმა და ამბროლაურის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქციის ერთმა წევრმა.