14-16 ნოემბერს, სარაევოში, თემაზე - „ბოსნია და ჰერცეგოვინა და დასავლეთ ბალკანეთი არასტაბილურ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 105-ე სემინარი გაიმართა. სემინარში მონაწილეობდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი თეონა აქუბარდია.
ღონისძიების ფარგლებში, ასამბლეის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები და ის რიგი გამოწვევები, რომელიც ხელს უშლის და აყოვნებს საჭირო რეფორმების იმპლემენტაციას.
ასევე, განიხილეს ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული კონცეფცია, სადაც აღინიშნა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-მ შეაფასა როგორც პარტნიორები, რომლებიც რისკის ქვეშ დგანან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
დისკუსიის ფარგლებში სემინარის მონაწილეებმა ბალკანეთის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ამ პროცესებში რუსეთის ზეგავლენის საკითხები განიხილეს.