ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, „გრემის“ დაჯილდოების 2024 წლის ნომინანტთა სიაში მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ავრცელებს.
„გამოქვეყნდა 2024 წლის „გრემის“ დაჯილდოების ნომინანტთა სია, რომელთა შორისაც ნომინაციაში „საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი“ მოხვდა ბრწყინვალე მუსიკოსის, ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა.
ვულოცავთ ამ აღიარებას თითოეულ ორკესტრანტს და მაესტრო ვახტანგ კახიძეს, დაველოდოთ „გრემის“ დაჯილდოების საბოლოო შედეგების გამოცხადებას“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.