ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2023” ქართული ღვინის 26 მწარმოებელი მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე, ქართულმა ღვინოებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს; „მარანი ელიზბარის“ „რქაწითელი“ ვერცხლით და „საფერავი” ბრინჯაოთი დაჯილდოვდა, „Gevelli-ის” „საფერავი რეზერვი“ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა კრაკოვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ „ფშეგოჟალის სასახლეშიც“, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენაში „EnoExpo 2023” მონაწილე 15-მდე ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია. მოწვეულ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია ქართველი მწარმოებლებისგან მიეღოთ. დეგუსტაციაზე, პოლონელმა ღვინის პროფესიონალებმა ქართველ მწარმოებლებს ინფორმაცია მიაწოდეს პოლონეთის ბაზარის სპეციფიკაზე, მოთხოვნებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ღონისძიებების ფარგლებში, „ქართული ღვინის საღამო“ გაიმართა კრაკოვის ერთ-ერთ ღვინის ბარში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებლის პროდუქცია.
ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის ფესტივალიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 25-მდე ღვინის კომპანიამ მიიღო. ფესტივალს პოლონეთის ღვინის ბაზრის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა.