აჭარაში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) ფუნქციონირება, გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრებში მონაწილეობდნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, NAITS-ის დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების, სასურსათო სექტორში მომუშავე კერძო კომპანიების, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ცხოველთა მართვის სააგენტოების წარმომადგენლები.
NAITS-ი არის ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების, მათი ადგილსამყოფელის, მფლობელებისა თუ სხვა მონაცემების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს. პროექტი ემსახურება ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობას, რაც სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროგრამა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაში.
შეხვედრებზე, პროექტის მონაწილე სხვადასხვა დაინტერესებული მხარისა და ბენეფიციარების ჩართულობით, განიხილეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ამ პროცესში ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) ჩართულობა; ასევე, NAITS-ის გამოყენება საქართველოში პირუტყვის პოპულაციაში დაავადებათა ზედამხედველობისთვის, სურსათის უვნებლობის მენეჯმენტისთვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის. ასევე, შეაჯამეს აჭარის რეგიონში ჩატარებულ საპილოტე აქტივობები.
„NAITS-ი არის სისტემა, რომელიც მუდმივად იცვლება, რადგან მიმდინარე პროცესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, განახლებებს საჭიროებს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან სამუშაო შეხვედრები, რათა ის მაქსიმალურად მოქნილი გახდეს და სხვადასხვა მხარის ინტერესები უკეთესად წარმოაჩინოს. აღნიშნულ შეხვედრაზე ელექტრონული სისტემის მიმდინარე გამოწვევებიც განვიხილეთ და ახალ მოდულებზეც ვიმსჯელეთ, რომელთა დამატება მნიშვნელოვანია სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, გავითვალისწინეთ სხვადასხვა მხარის, მათ შორის, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტების უკუკავშირი და მოსაზრებები“, - განაცხადა FAO საქართველოს ტექნიკურმა მრჩეველმა, დრაგან ანგელოვსკიმ.
„ცხოველთა იდნტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემა არის საფუძველთა საფუძველი უფლებების ორმხრივად დაცვის: ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებებისა -- მიიღოს გარანტია რომ მის მიერ ნაყიდი სურსათი ნამდვილად უვნებელია და, მეორე მხრივ, მწარმოებლისა, რომელსაც აღნიშნული სისტემა საშუალებას აძლევს, პროდუქტის უვნებლობის სერტიფიცირება მოახდინოს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს ბოლო წლებში, რომელშიც მხარს გვიჭერს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა, ზვიად ასანიშვილმა.
NAITS-ს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური მხარდაჭერით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.