განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს, გამოვიდეს, კეთილი ინებოს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა, იმ ფონზე, როდესაც პირდაპირ ვისმენდით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ მხარდამჭერ განცხადებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„მათ შეიძლება, აქვთ საკუთარი ვალდებულებები. როდესაც ხარ უცხოელი აგენტი, რა თქმა უნდა, არ გაქვს თავისუფლება. რასაც დაგავალებენ, ის უნდა გააკეთო. თქვენ ხედავთ, ისეთ მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს, შეუძლებელია, თუ არა გარე დავალებები, თუ არა გარე კარნახი, თუ არა უცხოელი აგენტობა, რომ ასეთ რაღაცაზე წახვიდე. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. კი არ მაქვს მაინც და მაინც მაღალი წარმოდგენა მათ ინტელექტზე, მაგრამ ასეთი უინტელექტოებიც არ უნდა იყვნენ, რომ ასეთ რამეზე წავიდნენ, რომ არა მათი აგენტობა, რომ არა ის, რომ ისინი იღებენ დავალებებს და იძულებულნი არიან, ნებისმიერი დავალება შეასრულონ, თავი მოიჭრან, წავიდნენ სისხლის სამართლებრივ სასჯელზე და ასე შემდეგ, ხომ. არ მგონია, ასეთი სულელები იყვნენ ეს ადამიანები, ასეთებიც არ უნდა იყვნენ. შესაბამისად, ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რომ ეს ადამიანები არიან უცხოელი აგენტები და ისინი უპირობოდ ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც იღებენ პატრონებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას.
„თქვენ იცით, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს საზღვარგარეთიდან ამ ყველაფერს, დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას. მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, ხომ. ასეთი სათაურით გამოცხადდა ეს აქცია და ამ აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს, გამოვიდეს, კეთილი ინებოს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში. ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავდით, პირდაპირ ვისმენდით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ მხარდამჭერ განცხადებებს. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.