ბავშვთა ფინანსური განათლების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სამსჯელოდ 80 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა საერთაშორისო კონფერენციაზე "გლობალური სოციალური და ფინანსური უნარები", რომელიც Aflatoun International-ის ორგანიზებით ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებს გამართულ პანელურ დისკუსიებზე ცენტრალური ბანკების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის ფინანსური განათლების საკითხების სწავლების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ფინანსური განათლებისადმი მიძღვნილი პოსტერების კონკურსი, თემაზე "ბავშვთა სოციალური და ფინანსური გაძლიერება", რომელშიც სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს პოსტერმა გაიმარჯვა.
ცენტრალური ბანკების პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა, ბანკის გამოცდილების, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
"ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ სებ-ის ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლების სამინისტროს აქტიური ჩართულობით, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ფინანსური განათლება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩართო. 2018 წლიდან ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები სავალდებულოდ ისწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ ინტენსიურად გრძელდება. წარმატების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა განათლების პროექტებში მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორი და არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციები. მოხარული ვართ ჯილდოს მიღებით, მადლობა ფორუმის მონაწილეებს ნდობისთვის. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ფინანსური განათლების მიმართულებით ახალ პროექტებზე მუშაობას", - აღნიშნა ქეთევან ახალკაცმა თავის გამოსვლაში.