კარგი ამბებია თბილისისთვის – ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ გამოცემა Politico ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები დღეს იმ ათი ქვეყნის პროგრესის განსახილველად შეიკრიბებიან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ.
ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების შესახებ დღეს მთავარ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკომისიის წარმომადგენლები უკვე შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე - ისინი რეკომენდაციას გასცემენ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად - იმ პირობით, რომ ეს ქვეყნები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით შესაბამის რეფორმებს გაატარებენ.