საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომლის მონაწილეებს ბაზრის სარეგისტრაციო სისტემის worknet.gov.ge-ს ახალი სამუშაო ვერსია წარედგინათ.
შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ანალიტიკოსთან ერთად, სარეგისტრაციო სისტემის პრაქტიკული მხარეები მიმოიხილა. აღსანიშნავია, რომ worknet-ის ახალი სისტემა, ძველს 2024 წლიდან სრულად ჩაანაცვლებს.
შეხვედრის ფარგლებში, მოხდა დამსაქმებლების მოსაზრებების გაზიარება ვაკანსიების ატვირთვის, კომპანიის რეგისტრაციისა და სამუშაოს მაძიებელთან დაკავშირების მაქსიმალურად გამარტივებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრები ბიზნეს სექტორთან, სარეგისტრაციო სისტემის პრაქტიკული ნაწილების მეტად დახვეწის მიზნით, მომავალშიც იგეგმება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, რადგან მნიშვნელოვანია როგორც სამუშაოს მაძიებლის, ასევე დამსაქმებლების დროული ინფორმირება ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში, მოხდა მოსაზრებების გაზიარება ახალი worknet-ის სისტემის შინაარსსა და პრაქტიკულ ასპექტებზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, ასევე, თავად დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.