ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის ცენტრს მიაღწიეს. ”ჩვენ ქალაქ ღაზის შუაგულში ვართ”, - თქვა მან.
„ჰამასის“ თავდასხმიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ ისრაელის არმიამ ღაზას ცენტრამდე მიაღწია. იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი უარს ამბობს მძევლების გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტაზე.
ამასთან, გალანტმა აღნიშნა, რომ ღაზა არის "ყველაზე დიდი ტერორისტული ბაზა, რომელიც ოდესმე შექმნილა მსოფლიოში". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ მძევლები ისრაელში არ დაბრუნდებიან, „ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება“.
მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა ალყაში მოქცეულ ქალაქ ღაზის მოქალაქეებს ტერიტორიის დასატოვებლად ოთხსაათიანი შუალედი მისცეს.
ამასთან, ისრაელის არმიის სამხრეთ სარდლობის მეთაურმა იარონ ფინკელმანმა განაცხადა, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზის „შუაგულში“ იბრძვიან.
„ათწლეულების განმავლობაში პირველად, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან ქალაქ ღაზის შუაგულში, ტერორიზმის შუაგულში. ეს კომპლექსური და რთული ომია. ჩვენდა სამწუხაროდ, ამას თავისი საფასური მოჰყვება“, – განაცხადა იარონ ფინკელმანმა.
რიგი სახელმწიფები, ისევე როგორც გაერო, მოუწოდებენ ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებით შეწყვეტისკენ. ამავდროულად, შეერთებული შტატები და გერმანია გამორიცხვენ ღაზაში ცეცხლის სრული შეწყვეტის შესაძლებლობას, რადგან მათი განცხადებით, ეს “ჰამასს“ გადაჯგუფებას საშუალებას მისცემს.