ჩვენ თქვენთან მოგვაქვს ევროპელი ხალხის სოლიდარობა, ევროპა უკვე აქ არის, ერთად ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ეს ბრძოლა, ჩვენ ერთად ვართ ევროპა - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის უმაღლეს რადას მიმართა.
მან დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს გამოაცხადებს.
„მომავალ კვირას გამოვაცხადებთ, სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ სანქციებს დავაწესებთ ვიდრე მშვიდობა არ დადგება", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა ბევრს სწავლობს უკრაინისგან, რომელსაც ისედაც არ სჭირდება სწავლა, როგორი უნდა იყოს ევროპელი რადგან, უკრაინელები უკვე ევროპელები არიან.
"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენს ამბიციურ მიზნებს და უკვე წელს დაიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი. ევროპას სურს თქვენში ინვესტიცია განახორციელოს. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ გეგმას, რომლის მიხედვით მიიღებთ 50 მილიარდ ევროს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ ქვეყანას აქვს მიღებული მარშალის გეგმის შემდეგ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ თანხების რაც შეიძლება ეფექტურად გამოყენება, ამიტომ ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად შეიმუშავა რეფორმის გეგმა.
„თქვენ გვასწავლით ევროპის ნამდვილ მნიშვნელობას. ჩვენ მოგვაქვს თქვენთან ევროპელი ხალხის სოლიდარობა. მაგრამ ჩვენ ვერ მოვიყვანთ ევროპას აქ, რადგან ის უკვე აქ არის. ერთად ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ეს ბრძოლა და დავასრულოთ ჩვენი კავშირის მშენებლობა. ჩვენ ერთად ვართ ევროპა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.