„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მისი 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურის მტკიცებით, მან მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარი, რის გამოც პატიმრები გაიქცნენ.
პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაკავებულის ადვოკატი. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები უსაფუძვლოა, რადგან ივერი ნატრიაშვილი თავად გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში და ბრალი აღიარა. შესაბამისად, მიმალვის ან მოწმეებზე ზეწოლას საფუძველი არ არსებობს.
მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურორის შუამდგომლობები სრულად გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.