შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე - „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების წარმომადგენლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დავაკავეთ. დადგინდა, რომ ბრალდებულმა მანამდე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ვიდრე მასზე გამოცხადდებოდა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა აღნიშნული ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება“.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერი ჯეიმს ულინი - „ძებნილი პირის დაკავება 2 თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ფედერალური გამოძიების ბიუროს, აშშ-ის მარშალთა სამსახურის და საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. გაქცეული პირი წითელი ცირკულარით იძებნებოდა აშშ-ში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისთვის. მოხარული ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც გაგვაჩნია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, მის დირექტორთან, თეიმურაზ კუპატაძესთან და კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნული პირის ძებნისა და დაკავების ღონისძიებაში“.