ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ამ არჩევნებზე, რომელსაც გეოპოლიტიკურ ჭრილში უყურებენ, იქნება უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, აისახოს ხალხის ნება, რაც გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას, - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავამ აშშ-ში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არაერთხელ ვთქვი და ახლაც აუცილებლად უნდა გავიმეორო, თუ აქამდე არსებობდა კითხვები, კითხვები დღევანდელი ხელისუფლების საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, ახლა ეს კითხვები პასუხგაცემულია და პასუხგაცემულია რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ახლა აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი. მოგეხსენებათ, რომ აშშ ფორმალურად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიმღები, თუმცა აშშ არის ალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ საუბრების და მოლაპარაკებების, რომელიც წინ უსწრებს გადაწყვეტილებას და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შეასრულოს ეს რეკომენდაციები, არ განახორციელოს რეფორმები და მიზანმიმართულად საბოტაჟირება მოახდინოს კანდიდატის სტატუსის მიღების. თუმცაღა ჩვენ, აშშ-ს დედაქალაქში, ისევე როგორ ევროპის დედაქალაქებში, გავიმეორეთ გზავნილი, რომ ამ ისტორიულ მომენტში აღნიშნული საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, კონგრესში შეხვედრებზე, იქნებოდა ეს წარმომადგენლობით პალატაში თუ სენატში, რომელიც არის უმაღლესი პალატა აშშ-ს წარმომადგენლობითი ორგანოსი, ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში ამ არჩევნების წინ, რამდენად მნიშვნელოვანია რეზოლუციები და ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენები და ჩვენი იქ ყოფნის დროს სწორედ ასეთი მოსმენა ჩატარდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომელიც შეეხებოდა შავ ზღვაში უსაფრთხოებას, რაც წარმოადგენს რეალური მშვიდობის ფორმულას და რეალური მშვიდობის შანსს საქართველოსთვის. ეს არის ის მშვიდობა, რეალური სტაბილურობა, რომელზეც დღეს დღევანდელი ხელისუფლება უნდა მუშაობდეს, თუმცაღა ვხედავთ, რომ არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დასავლეთმა ამ ფართო სურათში დაინახოს საქართველოს როლი და ის რეალური უსაფრთხოების შესაძლებლობები, რაც არის ამ ფორმატში.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ არჩევნებზე, რომელიც უნდა შედგეს მომავალ ოქტომბერს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები იყვნენ საქართველოში. ჩვენ მივიღოთ პირობა, რომ ამ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გეოპოლიტიკურ ჭრილში უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, იქნება უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, მათ შორის ,რა თქმა უნდა, გვქონდა შეხვედრები იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც როგორც წესი არიან ორგანიზატორები მსგავსი სადამკვირვებლო მისიების, იქნება ეს IRI, NDI, თავად USAID, რომელიც უპრეცედენტო პუტინისტური თავდასხმის მსხვერპლი გახდა რუსული ოცნების მხრიდან და მივიღეთ დაპირება, რომ აუცილებლად ძალიან ბევრი გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, აისახოს ხალხის ნება ამ არჩევნებში და ეს აუცილებლად გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და განვიხილოთ ის კონკრეტული სიკეთეები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, მაგალითად როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.