მგონი, კლინიკა „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„დღეს რასაც ვუყურებდი, მგონი, „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს. მგონი, ყველაფერია აქ შესაბამისი პაციენტებისთვის, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, განკურნება სწადიათ და მსოფლიო კლინიკებში ამას ვერ აღწევენ. სათანადო რეკლამაც, ყველაფერი აქვს „ვივამედს“. ვიფიქრებდი, რომ პროფილი ცოტათი შეეცვალათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა სასამართლო პროცესზე სააკაშვილის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი თხოვნით წავიდნენ ვაშაძე, ცისკარიშვილი, ბოკუჩავა ამერიკაში და ხალხს ხვდებიან.
„როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ხალხს ამერიკაში ერთად რა უნდოდა, თუ არა მიშა. აქ არაფერი განსაკუთრებული არაა, ყველაფერი ისედაც ცხადია. მიშას გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა. სააკაშვილი არც არასდროს წასულა პოლიტიკიდან, შესაბამისად, სერიოზული არ იქნება, თავი გავისულელოთ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ახლა საიდანმე დაბრუნდა. სააკაშვილი სულ იყო პოლიტიკაში და დღესაც მწვანე მუზარადასხმულია პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში იყო, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა 40 წუთის განმავლობაში. ჰოი საოცრებავ და „ქართულმა ოცნებამ“ მისცა საშუალება, 40 წუთის განმავლობაში პოლიტიკური განცხადებით მიემართა საზოგადოებისთვის. „ქოცებს“ როცა მიკროფონის გამორთვა უნდათ, როგორ გვითიშავს ხოლმე პარლამენტის თავმჯდომარე. მოსამართლეც კი გაფრთხილებული ჰყავდათ, არ შეაწყვეტინოთ, რასაც ლაპარაკობსო“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.