დაცული ტერიტორიების სააგენტოში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული მიმართულებით, სააგენტოს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ტრენინგების მორიგი ეტაპი ჩაუტარდათ.
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის რეფორმა საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად და წარმოადგენს ქვეყნისთვის საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთ-ერთი პირველია საპილოტე სამინისტროებსა და სსიპებს შორის, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის დანერგვა უნდა მოახდინონ.
პროგრამის მიზანი საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა.
ტრენინგი „რისკების მართვა საჯარო დაწესებულებაში“ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ტრენინგი ხელს შეუწყობს აღნიშნული მიმართულებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებას და FMC სისტემის ეფექტიან დანერგვას.