დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები 2 აგვისტოს იმყოფებოდნენ ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც ადგილზე დაათვალიერეს აფხაზეთიდან დევნილთა ახალი დასახლება.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილ 560 ოჯახს 2020-2021 წლებში ახალი ბინები გადაეცა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამით იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა.
მიუხედავად ამისა, ადგილობრივები არაერთ პრობლემაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მთავარი წუხილი ორ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე N14 და N16 კორპუსებში მაცხოვრებლებს ჭერიდან წყალი ჩამოსდით და სარდაფები ევსებათ, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კორპუსის მდგრადობას. ამასთან, კორპუსის დანესტილი კედლები და ჭერი რისკის ქვეშ აყენებს კორპუსის მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.
დევნილთა განცხადებით, აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის პირებს არაერთხელ მიმართეს, ამ დრომდე პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დადგენილი არაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 9 აგვისტოს განცხადებით მიმართა,[1] საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითა და გამოითხოვა ინფორმაცია: „აქვს თუ არა სააგენტოს კონკრეტული გეგმა, პრობლემის აღმოსაფხვრელად? რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ან/და დაიგეგმა? რა ვადაში მოხდება საცხოვრებელი კორპუსების მოწესრიგება?“
სააგენტოს წესდების მიხედვით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათთვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა და საარსებო წყაროების შექმნაა.
სააგენტოსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:
დაინტერესდნენ ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში განსახლებული დევნილი მოსახლეობის პრობლემებით - შეისწავლონ საცხოვრებელი კორპუსების პრობლემების გამომწვევი მიზეზები და უახლოეს მომავალში მოახდინონ სათანადო რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.