საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომისიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.
„23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და საზოგადოებას წარვუდგინოთ მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული პროექტები. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. დაარსების დღიდან სემეკის როლი მნიშვნელოვანია რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. ახლახანს ჩვენს ფუნქციებს დაემატა მელიორაციის სექტორის რეგულირება და დავიწყეთ ამ მიმართულებით გამოწვევების დაძლევა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.
დაარსებიდან დღემდე, სემეკი დამოუკიდებლობის პრინციპებთან ერთად ხელმძღვანელობს ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპით. კომისიის საქმიანობის მახასიათებლებია თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ პირთან, პრობლემების გადაწყვეტის თანმიმდევრობა, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და საჯაროობა.
ჩემი და ჩემი გუნდის, ყველა სემეკელის სახელით მადლობას ვუხდი საკანონმდებლო და აღმასრულებელ უწყებებს, ლიცენზიატ კომპანიებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე. 1994-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრმა, ვლადიმერ პაპავამ 1997 წელს სემეკის დაარსების საფუძვლებზე ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ სემეკის აპარატის პირველი შემადგენლობის წარმომადგენლები. სემეკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სემეკელის წოდება მიენიჭათ კომისიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.