მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო და ახლა მისი ცხელი ფაზა მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„მესამე მსოფლიო დაიწყო 2008 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა.
შემდეგ იყო 2014 წლის თებერვლის ვითარება. უბრალოდ ის (ომი) მაშინ „ცივ“ მდგომარეობაში იყო, ახლა კი აქტიურ ცხელ ფაზაში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გადავიდა.
ხოლო ის, რაც ხდება ისრაელის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე - ეს უკევ შედეგებია. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკანასკნელი ომი არ არის, რომელსაც ბოლო პერიოდში ვუყურებთ. მსოფლიოში დიდი მოძრაობებია... და ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ სწრაფად შევძლებთ ამ საკითხის მოგვარებას, რომ ღმერთმა ნუ ქნას, ის მთელ მსოფლიოში არ გავრცელდეს“, - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა მსოფლიომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„ვფიქრობ, პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს, მათ აშშ-ს ესმით, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს, რაც შეიძლება მალე, ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა დანილოვმა.
დანილოვის თქმით, თუ საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას მაშინ დაიწყებდნენ, როცა უკრაინაში ომია, მაშინ ერთად უფრო სწრაფად შევძლებდით აგრესორის მიერ მიტაცებულ ტერიტორიების დაბრუნებას.
„ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვთქვი, როცა ჩვენს ქვეყანაში აგრესია დაიწყო, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისაგან, მაშინ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ სჯერათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისივე თქმით, ყარაბაღის ვითარებამ აჩვენა რუსების სრული უუნარობა, იყოს პარტნიორი, იყოს პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე და ა.შ. რადგან ისინი სომხებს უამრავ გარანტიას აძლევდნენ.
„მე ვარ იმის მომხრე, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს მსოფლიოში, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უფრო მეტიც, ისინი უნდა დასრულდეს სამართლიანად. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას ასეთი დანაკარგებით. 2008 და 2014 წლებში მსოფლიოს რომ ეპასუხა იმდროინდელი ჰიტლერისთვის, სახელად პუტინსთვის, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ისტორიაა. ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთ საქმე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ მტერი“ , - განაცხადა დანილოვმა.