მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის (SCD) განახლება გამოაქვეყნა. ანგარიში სახელწოდებით „საქართველო: რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად“ წარმოგვიდგენს ყოვლისმომცველ ანალიზს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საჭიროა სიღარიბის დაძლევისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლების მიმართულებით პროგრესის დასაჩქარებლად.
სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება საქართველოსთვის მკაფიო პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ესენია: განათლების ხარისხის გაძლიერება, მიწით სარგებლობის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და შოკებისადმი მედეგობის ამაღლება. სხვა მნიშნელოვანი სფეროებიდან აღსანიშნავია შრომითი რესურსების ჩართულობის ზრდა, დაფინანსებასთან წვდომის გაძლიერება, დიგიტალიზაცია, ინოვაცია, ენერგოეფექტურობაში ინვესტირება, განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და კანონებისა და რეგულაციების აღსრულების და პროგნოზირებადობის გაუმჯობესება.
„საქართველოს მყარი საფუძვლები აქვს, მაგრამ სჭირდება რეფორმების გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ისეთი გლობალური ტენდენციების ფონზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება თუ დიგიტალიზაცია და ასევე ავტომატიზაცია,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. „სისტემატურ დიაგნოსტიკურ კვლევაში გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ყურადღების გამახვილება ქვეყანას დაეხმარება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიაზე დარჩენაში და ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნაში.“
ანგარიშის თანახმად, სწრაფად ცვალებად საგარეო პირობებში, საქართველომ მდგრადობა გამოავლინა, რაც მნიშვნელოვანწილად ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შედეგია. თუმცა, დიაგნოსტიკური კვლევა მიუთითებს, რომ სიღარიბის შემცირების პროცესი უკანასკნელ წლებში შენელდა და ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ფირმების დონეზე განხორციელებული მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ მთლიანი ფაქტორული პროდუქტიულობა ბიზნესის დონეზე უცვლელია ბოლო წლებში, რაც სავარაუდოდ აფერხებს დასაქმების შესაძლებლობებს.
„საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელებაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ბიზნესგარემოს ოპტიმიზაციისთვის და საჯარო ფინანსების გასაძლიერებლად. საქართველოს მთავრობა აპირებს შემდგომი რეფორმების განხორციელების გაგრძელებას ჩვენი ამბიციური მიზნების მისაღწევად კლიმატისა და ენერგეტიკის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი სტანდარტის მმართველობის მიმართულებით,“ - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ბუნებრივი კაპიტალის დეგრადაცია განიცადა, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის არარსებობით და არაეფექტიანი მიწათსარგებლობით. ასევე, საქართველო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ეკონომიკური ზრდის გამიჯვნას ნახშირბადის ემისიებისგან.
კვლევა მომზადდა საქართველოს მთავრობის, ისევე როგორც კერძო სექტორის, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე.
წინა სისტემატურმა დიაგნოსტიკურმა კვლევამ სახელწოდებით „საქართველო: რეფორმატორიდან შემსრულებლამდე“, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, საფუძველი მოამზადა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან და ინკლუზიურობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესასწავლად. 2023 წლის სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება ამ საფუძველს ემყარება და ყურადღებას ამახვილებს ცვალებად მეგატენდენციებზე, რომლებიც მდგრადობაზე მეტ ფოკუსირებას მოითხოვს. ის მომზადდა ქვეყანასთან პარტნიორობის ჩარჩოს (CPF) შემუშავებამდე, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ წევრი ქვეყნების ჩართულობისთვის და მათი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად გამოიყენება. საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის განახლებული ჩარჩო 2024 წელს გამოქვეყნდება.