გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით პრიორიტეტულ საკითხებსა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ICARDA მზად არის არაერთ საინტერესო პროექტზე იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან ერთად.
მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICARDA) 1975 წლიდან ახორციელებს კვლევის განვითარების პროგრამებს მსოფლიოს მშრალი ზონების 50 ქვეყანაში. ცენტრი აერთიანებს კავკასიის, მცირე, წინა და ცენტრალური აზიის კვლევით ინსტიტუტებს და სამეცნიერო ცენტრებს, რომლებიც ერთმანეთში ცვლიან მასალას და შესწავლის გეგმებს.
ICARDA-ის რეგიონული მენეჯერის, აკმალ აკრამხანოვის განცხადებით, მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრისთვის მნიშვნელოვანი იყო მოესმინა ინფორმაცია იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნოდარ ხატიაშვილი, ICARDA-ს რეგიონალური მენეჯერის მოადგილე რუსტამ იბრაგიმოვი და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალის ხელმძღვანელი საქართველოში ვახტანგ მშვიდობაძე ესწრებოდნენ.