სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი ამხილა.
უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 139 პირი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 12 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, დაზარალებულების და განმცხადებლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.