საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის წარმომადგენელს საიმონ ლეიქს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა ყურადღება. მხარეებმა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
"დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა მონეტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში და საქართველო ეროვნულ ბანკთან მას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. The Royal Mint ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია მონეტების დამზადების სფეროში. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანასა და ეროვნულ ბანკს შორის მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის არაერთი პროექტი სწორედ დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანაში განხორციელდა. სხვადასხვა წლებში The Royal Mint-ში დამზადდა 2-ლარიანი, 1-ლარიანი და 50-თეთრიანი მონეტები, ასევე, ქრისტესშობის 2000 და სახელმწიფოებრიობის 3000 წლების 10-ლარიანი საიუბილეო მონეტები.