საქართველოს ეროვნული ბანკი, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად ზრუნავს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე. ამის ნათელი დადასტურებაა ღია ბანკინგის სერვისების სრულყოფილი ხელმისაწვდომობა უკვე არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც.
"ამჯერად სებ-ი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით, ღია ბანკინგის/ფინანსების ტექნიკური სენდბოქსის პროექტს ახორციელებს. ტექნიკური სენდბოქსი ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს დაინახოს ღია ბანკინგის განვითარების შემდგომი პერსპექტივები, ხოლო, ჩართული მხარეები სატესტო გარემოში შეძლებენ გამოსცადონ ის სერვისები, რომელთა დანერგვაც შემდგომ ეტაპზე იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ სენდბოქსის მონაწილეთა საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და სცდება როგორც ფინანსური სექტორის, ისე ადგილობრივი კომპანიების ძირითად საქმიანობას.
საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ბიზნეს მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა. რამდენადაც საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ კომპლექსურია, უკვე წლებია ეროვნული ბანკი ფინანსური ინოვაციების ოფისის საშუალებით დაინტერესებულ მხარეებს უკუკავშირის მარტივად მისაღებად საკმაოდ მოქნილ შესაძლებლობას სთავაზობს.
იმისათვის, რომ ყველა ინოვატორმა თანაბრად შეძლოს წარმოაჩინოს თავისი ბიზნეს მოდელის დამატებითი ღირებულება და უკეთესი გახადოს ქვეყნის ფინანსური ბაზარი, ინოვაციების ოფისი რეგულირებად და არარეგულირებად სუბიექტებს ყოველგვარი შუამავლების გარეშე სთავაზობს კონსულტაციებს, მათ საჭიროებებთან დაკავშირებული წესებისა და პროცესების უკეთ აღქმისთვის. ასევე, თითოეულ მათგანს აძლევს შესაძლებლობას მარტივად გამართონ საკუთარი პროექტი და მოიყვანონ საზედამხედველო მიდგომებთან სრულ შესაბამისობაში.
ინფორმაცია ფინანსური ინოვაციების ოფისის შესახებ იხილეთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://nbg.gov.ge/InnovationOffice. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - InnovationOffice@nbg.gov.ge", - ნათქვამია ინფორმაციაში.