შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული, მ.თ. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე 6 მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.