„ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, საკონსტიტუციო სასამართლოს, საზოგადოებას წარუდგინოს არგუმენტები, მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევა მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესს თუ არ დაესწრება, ეს იქნება საზოგადოებისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.
„დღეს გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ გაჟღერდება სამართლებრივი საკითხები, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ სამართლებრივ, კერძოდ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხებზე უნდა იყოს დისკუსია, მსჯელობა. „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, საკონსტიტუციო სასამართლოს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინოს არგუმენტები, მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევა მოხდა.
შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სამართლებრივი პოზიციები ასევე გაჟღერდება პრეზიდენტის წარმომადგენლის თუ წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სწორედ სამართლებრივ დისკუსიაში შევიდეს წარმომადგენლებთან. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შესაძლო არჩამოსვლას, თუ ის პროცესზე არ გამოცხადდება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, უპატივცემულობას ჩვენი საზოგადოების მიმართ, ვინაიდან ახერხებს, რომ კონსტიტუციის მიზანმიმართული, უხეში დარღვევით გაფრინდეს საზღვარგარეთ, თუმცა არ კადრულობს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგომას და საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რატომ გადაწყვიტა, ქვეყნის უზენაესი კანონი დაერღვია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.