პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება შემაშფოთებელია.
მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, საელჩოს მხრიდან მოისმინოს, რომ მათ მიერ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა არ მოხდება.
„გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისაგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებისგან, აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება ვნახეთ, რაც შემაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არა – რევოლუცია, ის უბედურება, რაც, მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იმავე ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, ამ შემთხვევაში საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია. მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“.