თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე და კიდევ სამ პირზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულებს მიმალვის მცდელობა ჰქონდათ, ისინი საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ.
ადვოკატებმა განმარტეს, რომ ბრალდებულებს მიმალვის განზრახვა არ ჰქონიათ და ახლობელთან მიდიოდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.