გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის ახალდანიშნულ დირექტორს რეგიონში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მსოფლიო ბანკთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაკავშირებს; დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელიც წლებია მსოფლიო ბანკის გუნდისგან გვაქვს. მათთან თანამშრომლობით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ და ქვეყანას მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა ფერმერების მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროექტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდის მაჩვენებლების შესახებ. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე სამრეწველო ემისიების, წყლის რესურსების მართვის, რადიაციული უსაფრთხოების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სატყეო სექტორს, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების მზარდ სტატისტიკას, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების გზებს.
როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეხვედრას მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში აბდულაზიზ ფაგჰი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.