გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ქ.პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისის გენერალურ დირექტორ ვალერი მეტრიხ ეკეტს შეხვდა.
მხარეებმა ტყეების სანიტარიული მდგომარეობის, ბიომრავალფეროვნების და ტყის მდგრადი მართვის, გარემოსდაცვით არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე, საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისის წარმომადგენლობამ ქართულ მხარეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მომზადებული სტრატეგია გააცნო.
„იმ გამოწვევების ნაწილი, რაც დღეს საქართველოს სატყეო სექტორს აქვს, გამოწვევაა საფრანგეთის მხარისთვისაც. კლიმატის ცვლილება და მისი უარყოფითი გავლენა ტყეზე, მავნებელ-დაავადებების მართვა და სხვა მსგავსი საკითხები არამხოლოდ ეროვნულ დონეზე მოითხოვს გადაწყვეტილებების მიღებას. ვფიქრობთ, საფრანგეთის გამოცდილება დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მიდგომები. საქართველო მნიშვნელოვან გზას გადის ევროინტეგრაციის გზაზე, მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და მათ შორის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სატყეო რეფორმას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ.
შეხვედრაზე ხე-ტყის დამზადებისა და დახარისხების ღონისძიებებსა და ხე-ტყის ფასის განსაზღვრის სისტემაზეც იმსჯელეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის საფრაგნეთის ტყის მასივში საველე გასვლა, სადაც წაბლის დაავადების, ტყეების სანიტარიული მდგომარეობის და ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმებს განიხილავენ.