თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება იწყება.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია და მასში მონაწილეობის პირობები საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააცნო.
„აღსანიშნავია, რომ კონკურსის დაარსებიდან ოთხი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი დაფინანსდა. კონკურსი სამი მიმართულებით ცხადდება - საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განაცხადების ატვირთვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს 20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე - www.culture.tbilisi.gov.ge