ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ნეიროქირურგმა ივანე ავაზაშვილმა განაცხადა.
„შემოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შემავალი გამჭოლი ჭრილობა საფეთქელ-კეფის არეში. პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციოში ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად. მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე“, – განაცხადა ივანე ავაზაშვილმა.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა გუშინ, ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევის დროს ადგილზე იყო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი. ბრალდებული შსს-ს მოქმედი თანამშრომელი გურამ ქადეიშვილია.
ფოტო: ფორმულა