ვუყურებ ამდენმილიონიან რუსეთს, ამ გროტესკს, ლენინის მუმიას ჩრდილო კორეის იდეალები რომ დაამატეს, არათუ ბრაზობენ, არც კი იცინიან თავიანთ საცოდაობაზე, ჩვენ სსრკ-დან გამოღწეულებმა მაინც ბევრი შევძელით და ამბიცია გვაქვს, ცივილიზაციის ყველა სიკეთე გვეკუთვნოდეს, - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
„კიმ ჩენ ინის და პუტოს სიყვარულის შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვდივარ. ვუყურებ ამდენმილიონიან რუსეთს, ამ გროტესკს, თავის ლენინის მუმიას ზევიდან ჩრდილო კორეის იდეალები რომ დაამატეს და ხალხის ამხელა მასა მუნჯად აქიცინებს თავს, არათუ არ ბრაზობენ, არც კი იცინიან თავიანთ საცოდაობაზე. მერე სხვა რესპუბლიკებს ვუყურებ და ბალტიისპირელებს და უკრაინას თუ არ ჩავთვლით, ჩვენ მაინც მაგარი ხალხი ვართ. კი, დიდი გზა გვაქვს კიდევ, მაგრამ სასტიკი პოლიტიკური ექსპერიმენტიდან, სსრკ-დან გამოღწეულებმა მაინც ბევრი შევძელით. რაც სასაცილოა, იმაზე ვიცინით, რაც გასაბრაზებელია, იმაზე ვბრაზობთ, ამბიცია გვაქვს, რომ ცივილიზაციის ყველა სიკეთე გვეკუთვნის. მოკლედ ერთი მხრივ ვამაყობ ქართველობით, უმცირესი ადამიანური რესურსით შევძელით და მენტალურად რუსეთზე და ბევრ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზეც წინ ვართ, მეორე მხრივ, სევდა მიტევს - რამხელა ბოროტება და იძულება იყო ჩვენი გასაბჭოება. ჩვენთვის ვერასდროს იქცა ორგანულად "საბჭოთა ადამიანად" ყოფნა, ლაბორატორიის ვირთაგვობა. წაგვართვეს თავისუფალი ადამიანების უნარები, ფანტაზია, კრიზისიდან თავის დაღწევის კომპეტენცია, ბევრი ფუნქცია დაგვიჩლუნგდა, ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ რაც არ უნდა არაიდეალური მდგომარეობა გვქონდეს, საქართველოს სსრ მაინც აღარ ვართ და უფრო და უფრო აღარ ვიქნებით. კიდევ ათი წელი და სრულ თავისუფლებასაც მოვიპოვებთ.
პ.ს. დაზუსტება: რომ ვამბობ, საქართველოს სსრ აღარ ვართ, მოქალაქეებს ვგულისხმობ, მთავრობას არა. მთავრობებს ზევით ჩამოთვლილი თვისებებით, მოქალაქეები ნაბიჯ ნაბიჯ გადავაქცევთ ევროპულ მთავრობად. თავის ნებით ძალაუფლების მოყვარეთა 90% კიმ ჩენ ინია“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.