ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმიანება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.
გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული შავრაზმული განცხადებები გაიხსენა.
ბოკერიას თქმით, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საქართველო უნდა იღვწოდეს, რომ ნატოს წევრი გახდეს და თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს იმისთვის, რომ დაცული იყოს რუსული აგრესიისგან, ამის ნაცვლად, განაცხადის გაკეთება რუსეთის მოკავშირე ჩინეთის მიმართ ასეთი სახით, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
"გვახსოვს წულუკიანის შავრაზმული განცხადებები ზოგადად უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო შემოღებული მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით. კერძოდ ჩინეთზეც, მისი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ნაწილის, ჰონგ-კონგში მცხოვრები მოქალაქეების ან იმათ მიმართ, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამერიკის ან ევროკავშირის ვიზა. ამ ყველაფერს თავს ესხმოდნენ შავრაზმული პოზიციებიდან და ახლა მთელი ჩინეთის მოქალაქეებისთვის აპირებენ უვიზო მიმოსვლის დაშვებას. ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადი და არა ეკონომიკური.