თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე, აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობაა, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტისა.
„ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ბევრი განცხადება გაკეთდა აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები - ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს არის დღეს აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობა, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი. რეალურად დიდი დანაშაულია, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განსხვავებით წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებისგან, პრემიერ-მინისტრის პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან არანაირი თანხა არ გამოყოფილა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. გავიხსენოთ წლები, როდესაც პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფოდა - კონკრეტული თანამდებობის პირების მეუღლეების დაბადების დღეებისთვის, საყვარლების - საჩუქრებისთვის, მასაჟისტების ჩამოყვანისთვის, შვილის სწავლის დაფინანსებისთვის, რაც შემდეგ შეფუთეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყოლია. მეც მყავს ნიჭიერი შვილები, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მათი სწავლა-განათლება ბიუჯეტიდან დავაფინანსო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.