საქართველოს პაუერლიფთინგის ფედერაციის ინიციატივით, ძალისმიერ სამჭიდში და წოლჟიმში საქართველოს თასის გათამაშება გაიმართა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო სპორტსმენები თელავში საკუთარი ძალის გამოსაცდელად შეიკრიბნენ. თელავიდან 14 სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეჯიბრება 11 წონით კატეგორიაში ჩატარდა. სპორტსმენებმა შტანგის ამოწევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, თუმცა მათ შორის გამორჩეული თელავის სახელით მოასპარეზე არჩილ შაშურაშვილი იყო, რომელმაც 20 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა და აბსოლუტური ჩემპიონის სახელი მოიპოვა.
არჩილ შაშურაშვილმა ასპარეზობის პირველ ეტაპზე 330, შემდეგ 360, გათამაშების დასასრულს კი 380 კილოგრამიანი შტანგა ასწია. 20 წლის უკან 325 კილოგრამის აწევაში რეკორდი კახი კახიშვილმა დაამყარა. შაშურაშვილმა კი ეს რეკორდი საგრძნობლად გააუმჯობესა.
რაც შეეხება წოლჟიმს, პირველი ადგილის მფლობელი სიღნაღელი გიორგი ბეჟანიშვილი გახდა. გუნდებს შორის პირველი ადგილი თელავის ნაკრებმა, მეორე სიღნაღის, ხოლო მესამე მარნეულის ნაკრების გუნდმა დაიკავა.
გამაჯვებულ გუნდებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ხოლო აბსოლუტურ ჩემპიონს არჩილ შაშურაშვილს ფულადი პრემია 350 ლარის ოდენობით.